Tuesday, November 21, 2017

დაკარგული ცურტავი

         
კოლექტიური მეხსიერება გარკვეული ჯგუფის თუ საზოგადოების მიერ გაზიარებული მეხსიერებაა. იგი მუდმივ ევოლუციას განიცდის და წარმოადგენს დამახსოვრებისა და დავიწყების დიალექტიკურ ერთიანობას. კოლექტიური მეხსიერება საერთოა ოჯახებისა თუ ეთნიკური ჯგუფებისათვის და ამდენად ეთნიკური ცვლილება იწვევს წყვეტას მეხსიერებაში. ამ თვალსაზრისით ძალიან თვალსაჩინო მაგალითია ცურტავი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი ობიექტია ქრისტიანული საქართველოს ისტორიისათვის. მეხსიერებამ შემოინახა ცნობა, რომ ცურტავი ქვემო ქართლში მდებარეობდა, მაგრამ XVII საუკუნის შემდეგ ქვემო ქართლის მოსახლეობაში ეთნიკური ცვლილება მოხდა - ქართული მოსახლეობა აიყარა და მას თურქული მოდგმის ხალხი ჩაენაცვლა. ამან გამოიწვია წყვეტა ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში და დღეს არავინ იცის ცურტავის კონკრეტული მდებარეობა.
ჩემი კვლევის მიზანია ვიპოვო ცურტავის ადგილმდებარეობა წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების ურთერთშეჯერების საფუძველზე: ვიყენებ არამარტო ქართულ, არამედ სომხურ წერილობით წყაროებს, რადგანაც ცურტავი სომხურ კოლექტიურ მეხსიერებაშიც შემორჩა.

იაკობ ხუცესი თავის თხზულებაში „შუშანიკის წამება“ ასახელებს პუნქტის სახელს „დაბა, რომელსაც ჰრქვიან ცურტავ’’ [აბულაძე1978:79]. ნაწარმოების მიხედვით ცურტავია ვარსქენ პიტიახშის რეზიდენცია, აქ არის მისი სასახლე, საეპისკოპოსო ეკლესია, აქვე ცხოვრობს კარის ეპისკოპოსი აფოცი. ამავე ტექსტიდან ჩანს, რომ ციხე დაბა ცურტავის გარეთაა, მაგრამ არც ძლიერ მოშორებით; იგი ცურტავის ციხედ აღიქმება და სხვა სახელწოდებით არ მოიხსენიება. შუშანიკის მარტვილობაც ცურტავში მიმდინარეობს. გარდაცვალების შემდეგ შუშანიკი, მისივე ანდერძით, დაუსაფლავებიათ ცურტავში, ეკლესიის მახლობლად, სადაც ის ტანჯა ვარსქენმა და შემდეგ ციხეში მოათავსა [ონიანი 1978:40-41; აბულაძე 1978:60].
506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის, დავით ბოლნელსა და სტეფანოს რუსთველს შორის დასახელებულია იაკობ ცურტაველი ეპისკოპოსი [ბერძენიშვილი 2014:380].
ცურტავი მოხსენიებულია ასევე სომხურ „ეპისტოლეთა წიგნში“, რომელსაც  VI-ის ბოლოს და  VII ს-ის დამდეგის  ქართლისა და სომხეთის ეკლესიების განხეთქილების შესახებ საბუთები შემოუნახავს. აქ მოსე ცურტავის ეპისკოპოსი სომეხთა ეკლესიის დროებით მესაჭისადმი -ვრთანეს ქერდოლის სახელზე 605-606 წ. პირველ წერილში ამბობს: „შემემთხუა მე დღეთა ყრმობისათა მიწევნაი საეპისკოპოსასა მას ცურტავს, რომლისა ეკლესიისა მოწაფეცა ვიყავ წესისამებრ, სადა აღვიზარდე და ვისწავე მწიგნობრობაი სომხური და ქართული, სადაცა მომენიჭა მე ღირსად უფლისაგან მიწევნაი საყდარსა სამოძღროსა- სახლსა მასვე პიტიახშისასა“ [აბულაძე 1978:61]. ამრიგად, ჩანს, რომ VII ს-ის დასაწყისშიც ცურტავი პიტიახშის რეზიდენცია და საეპისკოპოსო ცენტრია.
საინტერესო ცნობას გვაწვდის ცურტავის შესახებ X ს. სომეხი ისტორიკოსი უხტანესი: „ცურტავი-სახელი იგი, რომელი მარადის მოვიხსენეთ უწყებასა [შინა], აქაცა ვახსენოთ. მაშინ იგი ერქუა სახელი, ხოლო აწ სახელად ჰრქვიან გაჯენქი. მაშინ სავსე და ვრცელი დედაქალაქი დიდი და სახელოვანი [იყო], ხოლო აწ დამცირებული და ზომიერი დაბა ქალაქი [არს] კიდესა მას მდინარისასა, რომელსა ეწოდების მისი სახელი -გაჯენაგეტი, კუთხესა, რომელსა ჰრქვიან ვრაც-დაშტი (ქართველთა ველი), რომელ არს შუა ზღვარი ორთა მათ სოფელთა, სომხეთისა და ქართლისა; იხილვების პირისპირ მის მთისა კავკასიისა, რომელ არს თანამოსაზღვრე საკვირველ-ნაშენი და საკვირველისა სახელოვანისა და საჩინოისა დიდისა მის დედაქალაქისა ტფილისისა. და იყო ცურტავ სამკვიდრებელი დიდისა პიტიახშისა გუგარელთაისა მხარეთ-მპყრობელისა ჩრდილოისასა, განწესებულისა ვალრშაკისგან არშაკუნიანისა, ჩუენისა მეფისაგან“ [აბულაძე 1978:61-62).  ამ ცნობის მიხედვით ცურტავი ძველი სახელწოდებაა, უხტანესის დროს (X ს.) კი გაჯენქი ჰრქმევია და დედაქალაქობიდან დაბა-ქალაქამდის დაკნინებულა. უხტანესი ასევე წერს, რომ შუშანიკის საფლავი იქვე მდებარეობს და იგი მრავალჯერ მისულა და მთხვევია მის საფლავს: „დასაბამიდან სამეუფეო სამკვიდრებელი და განსასვენებელი იყო წმინდა შუშანიკისი; სადაც ჯერაც არიან ადგილნი მისი მოწამეობის ვნებათა და მისი წმინდა და პატიოსანი ნეშტის განსასვენებელი; სადაც ჩვენ მრავალჯერ მივსულვართდა ვმთხეულვართ წმინდა ადგილს“ [ალექსიძე 1975:67-69].
დაბა ცურტავის ზუსტი ადგილმდებარეობის გარკვევა დღევანდლამდე ვერ ხერხდება. მისი ძიების საკითხი ხანგრძლივი ისტორიის მქონეა.  ყველა მეცნიერი, რომელიც კი შეხებია ამ პრობლემას, მიიჩნევს, რომ ცურტავი ქვემო ქართლში უნდა მდებარეობდეს [ჯანაშია 1962:174]. (ქვემო ქართლი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი: გოგარენე, გუგარქი, ვრაც-დაშტი (ქართველთა ველი),სომხითი) [აბულაძე 1978:62-63].
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცურტავის ლოკალიზაციის საკითხს პირველად შეეხო ვახუშტი ბატონიშვილი, როცა იგი სომხითის აღწერისას აგდებს სიტყვას ახტალის ეკლესიაზე-„პირისპირ ახტალისა, აღმოსავლეთით, ბერდუჯის მთასა შინა არს მონასტერი ორი-ო“- შენიშნავს: „ვჰგონებ ამას ცორტავად“. ვახუშტის აზრს იზიარებენ მარი ბროსე და თედო ჟორდანია. ცურტავს პლატონ იოსელიანი გაურკვეველ ადგილად მიიჩნევს. მოსე ჯანაშვილი ვახუშტის გეოგრაფიის გამოცემაში „ზურტაკეტ-ში“ ხედავს ცურტავს. ივანე ჯავახიშვილი ცურტავს მიიჩნევდა ჰერეთის დედაქალაქად, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველი არიო.  ლეონ მელიქსეთ-ბეგს ცურტავი ბოლნისსა და რუსთავს შორის ეგულება, კერძოდ მდ. ხრამის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე, თანამედროვე აზერბაიჯანელების სოფელ არახლოსთან (ვახუშტის რუკით- ნახიდური).  ილია აბულაძე იზიარებს ლეონ მელიქსეთ-ბეგის აზრს და უმატებს, რომ იქვე ახლომახლო უნდა მდებარეობდეს ვახუშტის აღწერით და რუკით (N2) აღნიშნული „გაჩიანი“, რომელსაც ილია აბულძე აიგივებს უხტანესის გაჯენქთან. „თუ მართლაც ამ სახელით იწოდებოდა ცურტავი (Xს.), როგორც უხტანესი გვარწმუნებს, მაშინ ცურტავი აქ არის საძიებარი. შესაძლოა ის „ნახიდურიც“ გამოდგეს, როგორც პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგს მიაჩნია. ნახიდურიც სწორედ ბევრად შორს არც არის ვახუშტის გაჩიანისგან“- აღნიშნავდა ილია აბულაძე [აბულაძე 1978:65]. ცურტავს, ვახუშტის „გაჩიანთან“ აიგივებს ასევე სარგის კაკაბაძე [აბულაძე 1978: 64-65 ; ონიანი 1978: 42].
დევი ბერძენიშვილი ცურტავის ციხეს აიგივებს გვიანი წყაროების აღჯაყალასთან, რომელიც მდებარეობს ფართო ველზე, მდინარე დებედის მარჯვენა სანაპიროზე. აღჯაყალის აღმოსავლეთით, დაახლოებით 4,5 კმ-ზე, სოფელ ქაჩაგანში იშვიათი ხელოვნებით შესრულებული ქვაჯვარის აღმოჩენის შემდეგ, ნიკო ბერძენიშვილი თვლიდა, რომ „თუ შუშანიკის იაკობისეული მარტვილობა სანდოა, მაშინ ცურტავი უეჭველად ქაჩაგან-აღჯაყალაა. ესაა გაჩიანნი, ესაა სანადირო ქალაქი, ესაა საზამთრო ადგილი, ესაა ჰერეთის გვერდში (ჰერეთი აქ რანია), ესაა ზაფხულს გაუძლისი, აქაა ცენტრალური მნიშვნელობის ციხე (პიტიახშის ციხე)’’ [ბერძენიშვილი 2014: 373].
მდინარე დებედის მარჯვენა ნაპირას ვრცელი ველის შუაში ამოზიდულ 20-25 მეტრის სიმაღის კლდოვან ბორცვზე აღმართულია აღჯაყალის ციხე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა XVIII საუკუნემდე არ დაუკარგავს. პირველად აღჯაყალა (რაც ქართულად თეთრ ციხეს ნიშნავს) მოხსენიებულია 1488 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. ვახუშტი გვამცნობს, რომ საქართველოში შემოჭრილმა აღყოინლუ იაყუბ ყაენმა ააშენა ქაოზიანისა და აღჯაყალას ციხეები. 1490 წელს კი ციხესიმაგრეები დაურღვევია კონსტანტინე მეფეს [ვახუშტი 1973:387,390]. როგრც დ.მუსხელიშვილი მართებულად მიიჩნევს ორი წლის განმავლობაში (1488-1490 წწ.) იაყუბ ყაენი აღჯაყალისთანა დიდი ციხესიმაგრის აგებას ვერ მოახერხებდა და შესაბამისად მიიჩნევს, რომ ყაენს კი არ აუგია, არამედ მხოლოდ განუახლებია იგი და, როგორც ეტყობა, მანამდე დარღვეული კედლები შეუშენებია. ქაოზიანის ანუ ქავაზინის ციხეც, რომლის აშენებასაც ვახუშტი ასევე იაყუბ ყაენს მიაწერს, XI-XIII საუკუნეების ქართულ და სომხურ წყაროებში იხსენიება, როგორც არსებული ციხესიმაგრე [მუსხელიშვილი 2014:364].
აღჯაყალის ციხის კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით. წყობაში აგურიც ურევია.  ციხე ორ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი: მთავარი (ზედა) ნაგებობა და სამხრეთ-დასავლეთის ტერასი, რომელიც აგრეთვე გალავნითაა შემოსაზღვრული. პირველი წარმოადგენს ძირითად სიმაგრეს, რომლის ფართობია დაახლოებით 6500 კვ.მ.  ციხის კედლის წყობაში შეიმჩნევა რამოდენიმე სამშენებლო პერიოდი: ეტყობა, რომ ციხე მრავალჯერაა დანგრეული და განახლებული.
აღჯაყალის ციხე იდგა მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე საქართველოს სამხრეთ საზღვრის ახლოს, გზაზე, რომელიც აერთებდა ქვეყანას სომხეთის გავლით ახლო აღმოსავლეთთან (დღესაც აქვე გადის საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი) . რამდენადაც, სავაჭრო გზები ძნელად თუ იცვლიან მიმართულებას, აქ ნამდვილად უნდა არსებულიყო გვიან შუასაუკუნეებზე უფრო ადრინდელი ციხე. დავით მუსხელიშვილს მიაჩნია, რომ სწორედ აქ იდგა ცნობილი გაგის ციხე, რომლის აშენებას სომხური წყაროები მიაწერენ ანისის მეფეს გაგიკ I შაჰანშაჰს (989-1020წწ) [მუსხელიშვილი 2014:371].
დევი ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ გაგიკიც ამ ციხის მხოლოდ განმაახლებელი იყო, და რომ აქ იდგა ცურტავის ძველი ციხე, რომლის სახელი იმ დროს უკვე დავიწყებული ყოფილა [ბერძენიშვილი 2014:395]. აღჯაყალის გაგის ციხესთან და ცურტავთან გაიგივების მცდელობა დღემდე არავის გაუკრიტიკებია.
2014 წელს ჩატარებული დაზვერვების დროს ჩვენი ყურადღება მიიქცია ციხის აღმოსავლეთით არსებულმა ძველმა ნამოსახლარმა, რომლის არსებობა აქამდე არავის აღუნიშნავს. ნამოსახლარის  სიგრძე დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 310 მეტრია, უდიდესი სიგანე (ჩრდილო-სამხრეთ მიმართულებით) 160 მეტრს აღწევს, საერთო ფართობი დაახლოებით 3 ჰექტარია. ნამოსახლარის ჩრდილო ნაწილი ვიწრო სერია, რომლის დასავლეთი ნაწილი კლდოვანია და ციხისაგან ღრმა ხელოვნური თხრილით არის გამოყოფილი. ნამოსახლარზე ავკრიფეთ კერამიკული მასალა.
ანაკრეფ მასალაში ჭარბობს სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული მოჭიქული კერამიკა. გვხვდება ანგობით მოხატული და ფერადი ჭიქურით დაფარული ჭურჭელი. გამოყენებულია ორი ფერის ჭიქური-ცისფერი და მწვანე. ასეთ კერამიკაზე ვხვდებით როგორც მცენარეულ, ასევე გეომეტრიულ მოტივებს. მსგავსი ტიპის  ჯამები გვხვდება: დმანისში, თბილისში, გუდარეხში [ჯაფარიძე 1956:24,ტაბ. XII,XII]. აღსანიშნავია ჭინჭილის ფრაგმენტი, რომლის მსგავსი აღმოჩენილია რუსთავში და თბილისში [ჯაფარიძე 1956:24 ; ჭილაშვილი 1970:167]. გვხვდება აგრეთვე ამოკაწვრის ხერხით მოხატული ანგობიანი ჭურჭელი, რომელიც მოჭიქულია ცისფრად, მწვანედ და სოსანისფრად. ძირითადათ ვხვდებით გეომეტრიულ მოტივებს. მსგავსი კერამიკული ნაწარმი ცნობილია დმანისში, თბილისში, რუსთავში, თელავში[ჯაფარიძე 1956:25-27, ტაბ.XVI,XVIII,XX,XXI,XXII,XXVII] [ჩიკოიძე 1979:58]. ყველა მოყვანილი კერამიკის ნიმუში თარიღდება XI-XIII საუკუნეებით.
არამოჭიქული კერამიკიდან გამოსარჩევია წერნაქით დაფარული დერგის ფრაგმენტი. მასზე ჰორიზონტალურად არის წარმოდგენილი სამკუთხედების ორი რიგი, რომელთა შორის სამ რიგად  ჭდეული წერტლილებია განლაგებული. ეს ფრიზი ქვემოდან შემოსაზღვრულია დაკბილული რელიეფური სარტყლით.მსგავსი დერგები ცნობილია თბილისიდან, რუსთავიდან, უფლისციხიდან [ჯაფარიძე 1956:19]. ასეთივე დერგებს ვხვდებით აგრეთვე დვინის ნაქალაქარზე, სადაც მას „კარასის“ სახელით მოიხსენიებენ. დათარიღებულია  XII-XIII საუკუნეებით [Акопян, Бабаян… 2008:111-113, т аб. XXXI 2].
განსაკუთრებით საყურადღებოა ანაკრეფ მასალაში ბრტყელი, გვერდებ აკეცილი კრამიტის არსებობა, რაც იმის ნიშანია, რომ ამ ნასახლარზე კაპიტალური ნაგებობები უნდა მდგარიყო.
როგორც დავინახეთ მასალა განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება, ე.ი. იმ პერიოდისა, როდესაც გაგის ციხე აქტიურად მოიხსენიება წერილობით წყაროებში, როგორც გაგელთა ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს რეზიდენცია, რომელმაც სახელი  მთელ რეგიონსაც მისცა [ბერძენიშვილი 2014:397-398]    [მუსხელიშვილი 2014:377-384]. ნამოსახლარზე გალავანი არ შეიმჩნევა და  შესაძლებელია  რომ ეს ის „დამცირებული და ზომიერი დაბა ქალაქია’’, რომელიც უნახავს უხტანესს X ს-ში, ჯერ კიდევ გაგის ციხის აშენებამდედა რომელსაც იგი გაჯენქად მოიხსენიებს და თვლის, რომ სწორედ აქ იყო ცურტავი [აბუალძე 1978:61-62]. მართალია ნამოსახლარის ტერიტორიაზე აკრეფილ მასალაში ჯერ-ჯერობით არ ჩანს ადრეული შუასაუკუნეების კერამიკა, მაგრამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ნამოსახლარზე  გამოვლინდეს ადრეული შუასაუკუნეების კულტურული ფენაც, გადაფარული განვითარებული შუასაუკუნეების ფენებით.  მითუმეტეს გავიხსენოთ, თუნდაც ის ფაქტი, რომ როგორც დ. ბერძენიშვილი წერს „ბორცვი, რომელზეც შემდგომში ციხე აუგიათ, ძველი ნამოსახლარი გორაა, რასაც ადასტურებს იქ აკრეფილი ენეოლითური და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კერამიკული ფრაგმენტები“ [ბერძენიშვილი 2014:374].
ადრეული შუასაუკუნეების არაკერამიკული მასალა აღჯაყალის ციხეზე მაინც ჩანს. შევნიშნეთ კედლის წყობაში ჩაშენებული ადრეული შუასაუკუნეების ორნამენტული დეკორით შემკული სტელების  ფრაგმენტები, რომლებიც შეუძლებელია მშენებლებს შორიდან მოეტანათ. ერთ-ერთი წარმოადგენს ოთხფურცელა ყვავილის ფრიზულად განლაგებულ  ორნამენტს, შუაში მცირე ვარდულებით. მსგავსი მოტივი გვხვდება აღჯაყალის მახლობლად ხოჟორნის გუმბათიანი ეკლესიის საკურთხევლის სამხრეთ შვერილში ჩაშენებული სტელის ფრაგმენტზე, რომელიც VI ს-ით თარიღდება [გაგოშიძე 1999: 64]. მეორე, სტელის დამაგვირგვინებელი ჯვრის მკლავი უნდა იყოს, რომელზეც გამოსახულია შროშანის ყვავილი ღეროთი და ვარდული. მსგავსი ჯვრები აღმოჩენილია ლამაზი გორის და ნაგზაურის (VIს.) არქეოლოგიური გათხრებისას. ნიკო ჩუბინაშვილი ლამაზი გორის ჯვარს VI-VII სს-ით ათარიღებს [ჩუბინაშვილი 1972:46]; [კახიანი,ჭანიშვილი... 2012:34-36].
არის თუ არა აღჯაყალა - გაგის ციხე  ცურტავის ციხე და მის მახლობლად არსებული ნამოსახლარი დაბა ცურტავი  ამ კითხვებზე პასუხს მხოლოდ არქეოლოგიური გათხრები გასცემს.








გამოყენებული ლიტერატურა

აბულაძე 1978: იაკობ ცურტაველი, მარტვილობაი შუშანიკისი, ქართული და სომხური ტექსტები გამოსცა, გამოკვლევა, ვარიანტები, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი 1978.
ალექსიძე 1975: უხტანესი,ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, სომხური ტექსტი ქართული თარგმნითა და გამოკვლევით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბილისი 1975.
ბერძენიშვილი 2014: დევი ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, თბილისი 2014.
გაგოშიძე 1999:გიორგი გაგოშიძე,ხოჟორნის გუმბათიანი ეკლესიის კედლებში ჩაშენებული ადრეული შუა საუკუნეების ქვასვეტები, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ნარკვევები  V, თბილისი 1999.
ვახუშტი 1973:ბატონიშვილი ვახუშტი, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი 1973.
კახიანი,ჭანიშვილი... 2012:კ.კახიანი, გ.ჭანიშვილი, ჯ.კოპალიანი, კ. მაჩაბელი, ზ.ალექსიძე, ე.ღლიღვაშვილი, ნ.პატარიძე, ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისიდან, თბილისი 2012.
მუსხელიშვილი 2014: დავით მუსხელიშვილი, აღჯაყალა-გაგის ციხე. სამეცნიერო სტატიები, წერილები და პუბლიცისტიკა, თბილისი 2014, გვ.362-385.
ონიანი 1978: შერმადინ ონიანი, იაკობ ხუცესის „წამებაი წმინდისა შუშანიკისი“, თბილისი 1978.
ჩიკოიძე 1979: ცისანა ჩიკოიძე, ქალაქი თელავი, თბილისი 1979.
ჩუბინაშვილი 1972:ნიკო ჩუბინაშვილი, ქვემო ქართლის სტელა-ჯვრები, ძეგლის მეგობარი 30,თბილისი 1972.
ჭილაშვილი 1970:ლევან ჭილაშვილი, ქალაქები ფეოდალურ საქართველოში II, თბილისი 1970.
ჯანაშია 1962: ლ.-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი 1962.
ჯაფარიძე 1956: ვახტანგ ჯაფარიძე, ქართული კერამიკა (XI-XIII სს), თბილისი 1956.

Акопян, Бабаян… 2008:  Н.Г. Акопян, Ф.С. Бабаян, А.С. Жамкочян, А.А. Калантарян, К.К. Кафандарян, Г.Г. Кочарян, Двин IV, Город Двин и его раскопки (1981-1985гг.), Ереван 2008.

No comments:

Post a Comment