2017 წლის საველე მუშაობის მიზანი
დედოფლის გორა და მისი შესწავლის ისტორია
დედოფლის გორა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში მტკვრის მარცხენა შენაკადის დასავლეთის ფრონის (ფციულას) მარცხენა ნაპირას, მისი მტკვართან შესართავის მახლობლად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონეებითა და კვერნაკის ქედის მონაკვეთით მოზღუდული ვრცელი ვაკის, ე.წ. დედოფლის მინდვრის სამხრეთ ბოლოში (კოორდინატები: 42°02’48.66’’N; 43°51’37.75’’E).
დედოფლის გორა არადეთის ორგორის დასავლეთის, უფრო მაღალი ბორცვია. ციცაბო ფერდობიანი გორის სიმაღლე მდინარე დასავლეთი ფრონის დონიდან 34 მეტრია, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ დაქანებული ოვალური მოხაზულობის მისი თხემის ფართობი დაახლოებით 3500 კვ.მ.-ს შეადგენს; დედოფლის მინდვრიდან და ორგორის დასავლეთი, უფრო ვრცელი, მაგრამ დაბალი გორისაგან ღრმა თხრილითაა გამოყოფილი.
დედოფლის გორის სამხრეთი ფერდობი, რომელსაც მდინარე რეცხავს, თითქმის შვეულად ეშვება და აქ, ჭრილში გორის თხემიდან 14 მეტრის სიღრმემდე კულტურული დანაშრევებია გაშიშვლებული.
დედოფლის გორა, როგორც საყურადღებო არქეოლოგიური ობიექტი ცნობილია 1926 წლიდან, როდესაც აქ მცირე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტმა-გეოლოგმა ლეო ტიტვინიძემ (გათხრებით მოპოვებული მასალა-ოქროს, ბრინჯაოს, ძვლისა და კერამიკული ნაკეთობები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში).
1956 წლის შემდეგ, როდესაც მუშაობა დაიწყო ს.ჯანაშიას სახელობის ურბნისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დედოფლის გორა რამდენჯერმე მოიხილეს ქართველმა არქეოლოგებმა, რომლებიც მას ’’ფოშტიგორის’’ სახელით მოიხსენიებდნენ.
1971 წელს ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქსნის (სამადლოს) არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა ი.გაგოშიძემ, ხოლო 1976 წელს იმავე მუზეუმის შიდა ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრმა ვ.ლექვინაძემ დედოფლის გორაზე სტაციონარული არქეოლოგიური გათხრების მიზანშეწონილების განსაზღვრის მიზნით ჩაატარეს მცირე მასშტაბის დაზვერვითი სამუშაოები: 1971 წელს გაიწმინდა გორის გაშიშვლებული სამხრეთი ფერდობის დასავლეთ ბოლოში სულ 1 კვ.მ. ნახანძრალი იატაკი, ხოლო 1976 წელს გორის თხემის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაითხარა 4მX10მ ფართობი 60 სმ. სიღრმემდე. დაზვერვის შედეგად გაირკვა, რომ საქმე გვაქვს გვიანელინისტური-ადრერომაული ხანის მძლავრ ნახანძრალ ფენასთან, რომელიც გადაფარულია ადრეული შუასაუკუნეების კულტურული ფენებით. გაირკვა ისიც, რომ დედოფლის გორა მართლაც დიდმნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტია, სადაც არქეოლოგიური გათხრების დაწყება სერიოზული მომზადებისა და სათანადო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია.
1972 წლიდან დედოფლის მინდორზე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი) შიდა ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ი.გაგოშიძე). დედოფლის გორა, ცხადია, მუდმივად მოქცეული იყო ექსპედიციის კვლევის სფეროში.
1973-1981 წლებში შიდა ქართლის ექსპედიციას მოუხდა მუშაობა დედოფლის მინდვრის სამხრეთ ბოლოში, დედოფლის გორის მისადგომებთან, სადაც შენდებოდა საბოცვრე კომპლექსი. მშნენებლობის ტერიტორიაზე გაითხარა ადრეული ბრინჯაოს ხანის (მტკვარ-არაქსის კულტურის) 11 აკლდამა, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ეტლიანი ყორღანი და გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის 56 სამარხი, აგრეთვე ამავე პერიოდის რამდენიმე შენობა და მტკვარ-არაქსისა და ბედენური კულტურის ორმოები. 1979-80 წლებში საგულდაგულოდ დაიზვერა მთელი დედოფლის მინდორი და მისი მიმდებარე ტერიტორია და გაირკვა, რომ დედოფლის გორა ყოფილა შიდა ქართლში ბრინჯაოს ხანის, ალბათ, ყველაზე უფრო ვრცელი ნამოსახლარის ცენტრალური ობიექტი. ეს სამოსახლო გავრცელებული იყო დედოფლის გორის გარშემო- არადეთის ორგორის აღმოსავლეთ გორაზე და დედოფლის მინდვრის სამხრეთ ნაწილში იქ, სადაც დღეს სოფელი დოღლაურია, აღმოსავლეთ ფრონის ნაპირამდე. ნამოსახლარის გარშემო ვრცელი სამაროვანია (2012,2013 და 2015 წლებში სამანქანო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ამ სამაროვანზე გაითხარა ადრეული და გვიანდელ ბრინჯაოს ხანის 443 სამარხი).
1985 წელს დედოფლის გორაზე დაიწყო სტაციონარული არქეოლოგიური გათხრები, რომლის ძირითადი მიზანი იყო ქ.წ. I- ქ.შ. I საუკუნის სასახლის ნანგრევების შესწავლა. 1985-1990, 1992-1993 და 2004-2007 წლების გათხრების შედეგად გაირკვა, რომ სასახლე აუშენებიათ ქ.წ. II-I საუკუნეთა მიჯნაზე და დროდადრო, როდესაც ქართლის სამეფო ოჯახი მიდიოდა დედოფლის მინდვრის ტაძრებში სალოცავად, ეს სასახლე ქართლის (იბერიის) მეფეთა რეზიდენციად იქცეოდა ხოლმე. სასახლე დაინგრა ქ.შ. I საუკუნის ბოლოს ძლიერი მიწისძვრით, რომელსაც ხანძარიც მოყვა. ზედა სართულების დამწვარ-დადუღებულმა მასამ საიმედოდ დააკონსერვა სასახლის პირველი სართული. მიწისძვრა და ხანძარი იმდენად ძლიერი და, რაც მთავარია, უეცარი ყოფილა, რომ სასახლის ბინადართ შენობიდან თითქმის ვერაფრის გატანა მოუსწრიათ. ამიტომ არის ესოდენ მდიდარი და მრავალფეროვანი სასახლის გათხრებით მოპოვებული ნივთიერი არქეოლოგიური მასალა. სასახლის 19 სათავსოდან მუზეუმში მოხვდა 15000- მდე არტეფაქტი: ავეჯი, საბრძოლო და სამეურნეო იარაღ-საჭურველი, სხვადასხვა მასალის (ვერცხლი, ბრინჯაო, მინა, ხე, ძვალი) ჭურჭელი, სამკაული, მონეტები და სხვ., მათ შორის ქსოვილებიც კი.
1980-იან წლებში გაირკვა, რომ მდინარე აღმოსავლეთ ფრონის შესართავთან, მის მარცხენა სანაპიროსთან გამოვლენილი ბერიკლდეების არქეოლოგიური ძეგლი იმავე ნამოსახლარის ნაწილი, სატაძრო-საკულტო უბანი უნდა ყოფილიყო, რომლის ცენტრი იყო დედოფლის გორა (ა.ჯავახიშვილი). ბერიკლდეების საკულტო სამოსახლოს ჩრდილო-აღმოსავლეთით ვაკეზე აღრიცხულია ორმოცდაათზე მეტი ყორღანი, რომელთაგანაც 7 გაითხარა. მათგან 2 ადრეულ ბრინჯაოს ხანას (ბედენის კულტურა), 4 შუა ბრინჯაოს ხანას და ერთიც გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპს (ქ.წ. XV ს.) განეკუთვნება. აშკარაა, რომ ამ ყორღანებში იმ სამოსახლოს მეთაურები იმარხებოდნენ, რომლის ცენტრი იყო დედოფლის გორა.
ბერიკლდეების გათხრებით დადასტურდა, რომ ამ ვრცელ სამოსახლოს საფუძველი უნდა ჩაჰყროდა ხალკოლითის ეპოქაში, ქ.წ. IV ათასწლეულის პირველ ნახევარში: ბერიკლდეებზე გაითხარა ბედენური და მტკვარ-არაქსული ფენებით გადაფარული ხალკოლითის ხანის ორი კულტურული ჰორიზონტი, რომელთაგანაც ერთ-ერთში ტაძარიც აღმოჩნდა (ა.ჯავახიშვილი). მოგვიანებით ამავე კულტურის კუთვნილი კერამიკა დედოფლის გორის სამხრეთ ფერდობზეც დადასტურდა (მ.ჯალაბაძე).
2013-2016 წლებში დედოფლის გორაზე მუშაობდა ქართულ-იტალიური
არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელები იულონ გაგოშიძე, ელენა როვა). დედოფლის გორის
აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე ექსპედიციამ გათხარა თითო სტრატიგრაფიული
თხრილი, რომლებშიც გამოვლინდა კულტურული ფენები ადრეული შუასაუკუნეებიდან ადრეული ბრინჯაოს
ხანის ჩათვლით. განსაკუთრებით საყურადღებოა შუა ბრინჯაოს ხანის (თრიალეთური კულტურის)
მძლავრი ნამოსახლარის ფენის გამოვლენა.
2017 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგები
საკოორდინატო ბადის აღდგენის შემდეგ გასათხრელად მოვამზადეთ 6 მცირე (5მx5მ) კვადრატი: 103.99c, 103.99d,
103.98a, 103.98b, 103.98c, 103.98d, რომლებშიც სავარაუდოდ უნდა მოქცეულიყო გვიანელინისტური-ადრერომაული
ხანის სასახლის მორიგი ორი ოთახი (N23 და N24) და მათი დასავლეთით არსებული დერეფნის
ნაწილი. სიმაღლეებს ვიღებდით მყარი წერტილიდან, რომლის აბსოლუტური სიმაღლე არის ზ.დ.
675.888 მ.
103.99c, 103.98a და 103.98c კვადრატებში ფხვიერი ზედაპირული
ფენის გათხრის შემდეგ გამოჩნდა რიყის ქვის გროვები და უსისტემოდ განლაგებული ქვიშაქვის
ქვათლილები. 103.99c კვადრატის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გაიწინდა ქვევრის, რომელიც
ჩადგმული იყო სასახლის ნანგრევების ფენაში.
რიყის გროვების ალაგების შემდეგ გამოჩნდა თლილი ქვიშაქვით
და რიყის ქვით შედგენილი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმართული დაზიანებული კედელი,
რომელიც 103.98a და 103.98c კვადრატების საზღვართან ქმნიდა კუთხეს და მიემართებოდა
სამხრეთით. ამ კუთხეში დავაფიქსირეთ დიდი რაოდენობით ნაცარი, რაც აქ კერის არსებობას
უნდა მიგვანიშნებდეს. კედლის შიგნით გავწმინდეთ რიყის ქვებით გამაგრებული ბოძების ორმოები. შენობის იატაკზე ჯგუფ-ჯგუფად ეყარა სამეურნეო
დანიშნულების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. 675.678
სიმაღლეზე მოლესილ იატაკში ნაწილობრივ ჩადგმული იყო რუხი ფერის დერგი.
მრავალფეროვანია პირველ კულტურულ ფენაში მოპოვებული კერამიკული ნაწარმი.
განსაკუთრებით ბევრი იყო სამზარეულო ქოთნების და ლუთერიუმების ფრაგმენტები. ქოთნების
უმეტესობა შავი და რუხი ფერისაა, ლუთერიუმები კი-კარგად გამომწვარი წითელი ფერის ნაწარმია.
საკმაოდ ბევრია, ასევე, სხვადასხვა ზომის ფრაგმენტები
კერამიკული დოქებისა, რომელთა მხრები ხშირად შემკულია კვეთილი ორნამენტით. ვხვდებით
დიდი ზომის ორყურა ყელწიბოიან ამფორებს. აღსანიშნავია, წითელპრიალა სავსებით ისეთივე
დოქის ფრაგმენტების აღმოჩენა, როგორიც ცნობილია IV საუკუნის მოდინახეს სამაროვნიდან.
მრავლადაა ასევე ჯამები, რომელთა გვერდები შემკულია ჰორიზონტული ჭდეული ხაზებით, აგრეთვე
დიდი ზომის ქვევრების ნატეხები და გვერდებაკეცილი კრამიტის ფრაგმენტები. საყურადღებოა,
კეცის მსგავსი დიდი ზომის თიხის ჭურჭლის ნატეხებიც, რომელიც მოგვაგონებს დედოფლის გორაზევე
გათხრილ საკურთხევლების ზედაპირზე ჩალესილ ჭურჭელს. კერმაკის ფრაგმენტისგანაა დამზადებული
წრიული ფორმის გახვრეტილი ნივთი, რომლის მსგავსი მრავლადაა აღმოჩენილი დედოფლის გორის
ზედა კულტურულ ფენაში.
გარდა თიხის ჭურჭლისა ვიპოვეთ დედოფლის გორის ზედა კულტურული
ფენისთვის დამახასიათებელი თიხის კვირისტავები და ხელსაფქვავების ფრაგმენტები. აღსანიშნავია, 103.99c
კვადრატში დიდი ზომის ბაზალტის ქვისაგან დამზადებული როდინის აღმოჩენა. 675.778 დონეზე
103.98a კვადრატში ვიპოვეთ ირმის რქისგან დამზადებული ნივთი, რომელიც შემკულია კვეთილი
წრეებით და ბოლო გახვრეტილია. შესაძლებელია ეს მაქო იყოს, რომელიც საქსოვათ გამოიყენებოდა.
დაზიანებული შენობა აღწერის, აზომვის, გრაფიკული და
ფოტოფიქსაციის შემდეგ ავიღეთ. ეს შენობა უშაუალოდ იდგა გვიანელინისტური-ადრერომაული
სასახლის ნანგრევზე (675,668 სიღრმიდან). გასათხრელ ტერიტორიას დავამატეთ ორი ახალი
კვადრატი: 103.98b და 103.99d (ესაზღვრება 103.99c და 103.98a კვადრატებს აღმოსავლეთით),
რომლებიც დედოფლის გორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე მდებაროებს და დედოფლის გორის პირველი
კულტურული ფენა არ არის წარმოდგენილი. 103.99c კვადრატში 675.338 სიღრმეზე კარგად გამოჩნდა
სასახლის გადმოწოლილი ალიზის კედელი, სადაც აგურები ვერტიკალურ მდგომარეობაშია. პირველ
რიგში გამოვაჩინეთ 2014 წელს გათხრილი სასახლის N22 ოთახის კარი, რომელიც 103.99c კვადრატში
მდებარეობს და ბურჯი (103.99c 103.99a კვადრტები). გავწმინდეთ N22 და N23 ოთახებს შორის არსებული კედელი. კედელის
სიმაღლე 50-80 სმ-ა და აგებულია ალიზის ხსნარში ჩაწყობილი რიყის ქვით და არმირებულია
ხის ძელებით. კარგად შეიმჩნევა ღარები და ხვრელები- დამწვარი ძელების ბუდეები. ქვები
გაწითლებულია ძლიერი ხანძრისგან, ალიზი კი გამომწვარი. შემდგომ გამოვაჩინეთ დანარჩენი კედლები. აღსანიშნავია,
რომ N23 ოთახის აღმოსავლეთ კედლი მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი. სამხრეთ შემორჩენილი
კედლის სიმაღლე 1 მეტრია, დასავლეთისა კი-
40-50 სმ (სისქე 90-96 სმ). ალაგ-ალაგ შეიმჩნევა
ხის ძელებისთვის განკუთვნილი ფოსოები.
სასახლის N23 ოთახის იატაკი თიხით არის მოლესილი და
სამხრეთისკენ ოდნავ დაქანებულია (იატაკის აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 674.158-673.728
შორის). ოთახი გეგმაში მართკუთხაა, მისი მაქსიმალური სიგრძეა- 4.70 მ, მაქსიმალური
სიგანე-4.60მ. ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამართულია მართკუთხა ალიზის ქურა, რომლის თავზე ჩალესილია გვერდებაკეცილი
კრამიტი. ქურას დასავლეთით მიწყობილი აქვს 3 რიყის ქვა. ოთახის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში
იდო დანახშირებული ფიცარი, დასავლეთ კედელთან კი- დიდი ზომის თლილი ქვიშაქვა. ოთახის
სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში იატაკზე დევს კეხის ღარისებრი და ბრტყელი გვერდებაკეცილი
კრამიტები. იქვე დევს რამოდენიმე გათლილი ქვა. N23 ოთახს შემოსასვლელი აქვს სამხრეთ-დასავლეთ
კუთხეში და გადის დერეფანში. ღიობის სიგანეა 70-80 სმ. კარის ღიობი მოლესილია და შემორჩა ხის დანახშიერებული ზღურბლი.
N23 ოთახის ნანგრევებში და იატაკზე აღმოჩნდა დიდი რაოდენობით
კერამიკული მასალა, რომლის დიდი ნაწილი ძლიერი ცეცხლისგან დეფორმირებულია ან შედუღებულია
ხანძარში გაწიდებულ ალიზის აგურებთან. გვხვდება როგორც შავად, ისე ღიად გამომწვარი
კერამიკა. ჭურჭლის ფორმებში ჭარბობს დოქები და ქოთნები. მრავლადაა ასევე ღიად გამომწვარი
დიდი და პატარა ზომის ფიალები და დიდი ზომის ორყურა კოკები. გვხვდება, აგრეთვე, ყელწიბოიანი
დოქები, რომელთა ყურების ზედა ბოლო წიბოზეა მიერთებული. მსგავსი ჭურჭელი დამახასიათებელია
I საუკუნის საქართველოს არქეოოლოგიური ძეგლებისათვის. გვხვდება წითლად მოხატული ჭურჭლის
ფრაგმენტებიც. აღსანიშნავია, თხელი კეცის კარგად განლექილი თიხისგან დამზადებული ნატიფი
პატარა ზომის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელიც იმპორტული უნდა იყოს. ქვის ნაწარმიდან გამოსარჩევია
ბაზალტის ხელსაფქვავის ზედა ნავისებური ქვის აღმოჩენა.
N23 ოთახის ნანგრევებში და იატაკზე მრავლად ვიპოვეთ
რკინის იარაღები, რომელთაგანაც გამოსარჩევია ხერხის ფრაგმენტები, დანის პირები, ჩაქუჩები,
წერაქვ-ჩაქუჩის ფრაგმენტები და ისრისპირი. ზოგიერთი რკინის ნივთის იდენტიფიცირება ვერ
მოვახდინეთ, რადგან ისინი ძლიერი ცეცხლისგან დაშლილი და დეფორმირებული არის. აღსანიშნავია,
აგრეთვე, კარის ანჯამის ფრაგმენტის პოვნა.
N23 ოთახის გაწმენდის შემდეგ გაიწმინდა სასახლის მორიგი
N24 ოთახი. ძლიერი ცეცხლისგან შედუღებული რიყის ქვებისა და ალიზის აგურების გროვების
აღების შემდეგ ჩავედით იატაკის დონეზე. გამოვაჩინეთ დასავლეთ და სამხრეთ კედლები (ჩრდილოეთის
კედელი N23 ოთახის და N24 ოთახის გამყოფია).
როგორც N23 ოთახში, აქაც აღმოსავლეთი - სასახლის გარეთა კედელი ძლიერ დაზიანებულია
XX საუკუნის დასაწყისში. ოთახის სამხრეთ კედელი დაახლოებით 40-50 სმ. სიმაღლისაა და
ზემოდან გადალესილია თიხით. კარის ღიობი N24 ოთახსაც (N23 ოთახის მსგავსად) სამხრეთ-დასავლეთ
ნაწილში აქვს. ოთახის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამართულია ორ განყოფილებიანი თაღოვანი
ღუმელი, რომელსაც წინ სანაცრე ორმო აქვს. ღუმელის გვერდითა კედელზე მიყუდებული იყო
გრძელტარიანი სანაცრე აქანდაზი. ღუმელის უკან ჩადგმული იყო 2 დიდი ზომის ჭურჭელი. ერთ-ერთში
აღმოჩნდა დამწვარი ხორბალი. ოთახის ცენტრში იატაკზე იდო თიხის ცალყურა ქოთანი და რკინის
დაშლილი გაურკვეველი დანიშნულების ნივთი, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კი ეყარა დიდი რაოდენობით
დამწვარი ხორბალი და დანახშირებული ფიცარი. როგორც ჩანს, აქ ხორბლით სავსე ყუთი იდგა.
N24 ოთახის ნანგრევის ვიპივეთ ღიად გამომწვარი ყელწიბოიანი ჭურჭლის პირის ფრაგმენტი,
რომელსაც პირზე ქვა ედო და შემდეგ გადალესილი იყო თიხით. თიხაზე კარგად შეიმჩნევა საბეჭდავების
4 ანაბეჭდი. ერთ-ერთ ანაბეჭდზე ჩანს ცხოველის გამოსახულება.
ტახის ჩრდილო-აღმოსავლეთკუთხეში
იდო რგოლით დაბოლოებული რკინის მოკლე მილები. როგორც ჩანს, გუთნეულის კვანტების დაბოლოება.
ანალოგიური ნივთები, რკინის სახნისებთან ერთად აღმოჩენილია ამავე სასახლის N8 ოთახშიც.
ნივთიერი მონაპოვრებიდან აღსანიშნავია ძვლის ფირფიტების
აღმოჩენა, რომელთაგანაც რამოდენიმეზე ამოკაწრულია სხვადასხვა ცხოველები და ფიგურები
(ცხენი, ქორბუდა ირემი). მასთან უნდა იყოს დაკავშირებული იქვე აღმოჩენილი ცხოველის
ფალანგები კვეთილი ნიშნებით. ანალოგიური ფირფიტები
და დანიშნული ფალანგები აღმოჩენილია ამავე სასახის NN 1, 3 და 13 ოთახებში. განსაკუთრებული
აღნიშვნის ღირსია ოთახის შემავსებელ ნანგრევში ძვლისაგან გამოთლილი ქალის მცირე ზომის
ქანდაკების აღმოჩენა, რომელიც ელინისტური ხანის მცირე პლასტიკის შესანიშნავი ნიმუშია.
ამ ოთახშიც საკმაოდ ვიპოვეთ რკინის ნივთები: დანები, ირისპირები და სხვ.
დერეფნის ნაწილი N24 ოთახის დასავლეთით შედის გაუთხრელ
ფართობში, ამიტომ მისი მთლიანად გაწმენდა არ მოხერხდა.
გრაფიკული და ფოტოფიქსაციის შემდეგ გაკეთდა ორივე ოთახის
და ღუმელის 3d მოდელები. საანალიზოდ ავიღეთ N24 ოთახის იატაკზე დაყრილი და ერთ-ერთი
ჭურჭლიდან აღებული ხორბლის ნიმუშები და დამწვარი ფიცარი. აგრეთვე, მიწის ნიმუში, დედოფლის
გორის ზედა კულტურულ ფენაში ნაპოვნი დერგიდან. დედოფლის გორაზე 2017 წელს გათხრებით მოპოვებული
მასალა ჩაბარდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო
მუზუემის დედოფლის მინდვრის ფონდს. ორივე ოთახი და მოსაზღვრე დერეფანი აღწერის, ჩახატვის,
აზომვის და ფოტოფიქსაციის შემდეგ დავაკონსერვეთ: დავაფარეთ ცელოფანი და მიწა დავაყარეთ.
No comments:
Post a Comment